Monday, July 18, 2011

8 წუთი, 23 წამი

                                                                     ***

     დაბალი, მსუქანი, მელოტი და საშუალოდ ღიპიანი ვარ. სამსახურიდან 3 წლის წინ დამითხოვეს და მას შემდეგ უშედეგოდ ვეძებ. ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება მქონდა და ექიმმა ბახმაროს სანატორიუმი მირჩია. თან მცირეოდენი შფოთვაც მაწუხებს და წამლების ყლაპვას ბუნებაში ყოფნა ჯობსო დააკსვნა.
     წამოსასვლელი ფული მეზობლებმა და ნათესავებმა შემიგროვეს. დიდი ვერაფერი კურორტია ეს ბახმარო, კაცმა რომ თქვას. აქაურობა ისეა გაჩანაგებული, გეგონება ეს ეს არის თემურ ლენგმა შემოირბინა საქმეზეო. სანატორიუმიც არ უქნია ღმერთს მაინცდამაინც. ოთხ ოთახიან კოტეჯში მე და ჩემზე უარესი,  6 თითქმის მომაკვდავი პაციენტი "ვისვენებთ". მთელი ღამე ხველა და ხველას მოყოლილი სინქრონული წყევლა კრუვლა მესმის. სამკურნალოდ ჩამოსულს ინსომნიაც დამემართა. ღამეც და დღეც ერთნაირად ნელა გადის. საქმე ბევრი არაფერი მაქვს. ხან კოტეჯებს შორის ვეძებ არ არსებულ სოკოებს, ხანაც ჩემს მომაკვდავ მეზობელს ვეთამაშები ნარდს არ დახველებაზე. უკიდეგანოდ მომაბეზრებელია ეს ყველაფერი. შუალედებს ტურბაზის სასადილოთი და ტყუილი სუპით ვივსებ. მაინც ვერ გავიგე რა უბედურებაა ეს ტყუილი სუპი, ან ვის ატყუებენ. მენიუში მაინც წაეშალათ "ტყუილი".



        სხვა მხრივ მენიუს ვერაფერს დაუწუნებ. ის კი არა, ბახმაროს კვალობაზე ზედმეტად კრეატიულად გამოიყურება. 12 ფურცლიან, მათემატიკის მწვანე რვეულში ასოები უნაკლო კალიგრაფიით არის გამოყვანილი. გრამატიკაში კი უჭირს ავტორს, მაგრამ ამ ხარვეზს ეფექტურად ფარავს "ნაკლეიკით" მიწებებული ფასები.
       სასადილოშივე გვიდგას ძველი, ფეხმონგრეულ სკამზე ამაყად შემომდგარი შავ-თეთრი "გრუნდიგი". ძირითადად სულ საინფორმაციოებს და სერიალებს ვემთხვევით ხოლმე. ნამდვილი ეგზოტიკაა! მაგალთად  სადილისას ცალი თვალით რომ კატლეტში ხორცს ეძებ, მეორე თვალი  დონა ავრორას სასიყვარულო ინტრიგებისკენ გაქვს მიპყრობილი. ან კიდევ- საუზმეზე უკარაქო პურს ზედმეტად ტკბილ ჩაის რომ აყოლებ, გემოს გასანეიტრალებლად ვიღაცის მტკვარში დახრჩობის ამბავს ისმენ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მივხვდი რომ ეს სანატორიუმის დირექტორატის ბრძნული და მზრუნველი გადაწყვეტილებაა. პაციენტებს შორის ბევრს გვაწუხებს კუჭის პრობლემები და ალბათ მონელებაში გვეხმარებიან.

                                                                   ***
უკვე 12 დღე გავიდა რაც აქ ჩამოვედი. "დამსვენებლები" ნელ ნელა გაიკრიფნენ. ზოგი გამოჯანმრთელდა, ზოგიც სახლში გაემგზავრა მიქელ-გაბრიელის ღირსეულად დასახვედრად. მთელს სანატორიუმში ოთხად ოთხი კაცი დავრჩით. მე, ცალხელა დარაჯი, სასადილოს მზარეული და პნევმონიიანი შუა ხნის მამაკაცი. ამ უკანასკნელმა თითქმის სულ დაკარგა სიცოცხლის ხალისი. ოთახიდან იშვითად გამოდის ხოლმე, ამიტომ მარტო მიწევს სადილობა. ესეც მოსაწყენია რათქმაუნდა, მით უფრო, რომ მზარეულმა მენიუს სეკვესტრირება მოახდინა და უკვე მესამე დღეა ანაკომის სუპის მეტს არაფერს აკეთებს.



                                                                      ***
გუშინ ჩემი ცხოვრება შეიცვალა! უკეთესობისკენ რა თქმა უნდა. ყველაფერს კი შავ თეთრ, ჭლექიანივით მოხიხინა გრუნდიგს" და სასადილოს არეულ განრიგს უნდა ვუმადლოდე. ის- ის იყო ანაკომის დასალევად შევედი რომ კურიერი მთელ თავის სამუშაო ჯგუფთან ერთად რეკლამაზე გაიკრიფა.
რეკლამა ნელ ნელა, შემპარავი ნაბიჯებით შემოვიდა და საკონტროლო გასროლით პირდაპირ ღიპში მაჯახა გასახდომი აბები."ჭამეთ 2 ჯერ მეტი და გახდით 2 ჯერ ნაკლები" მხოლოდ "ლიპოსინთან" ერთად"!
"ეძებთ სამუშაოს?" იჩქარეთ, კომპანია "ნათელი future"  აცხადებს ვაკანსიას წარმატებულ და შედეგზე ორიენტირებულ კადრებზე" - მახსოვს როგორ გამიფართოვდა თვალები და როგორ გამინათდა გონება. ვიგრძენი ჩემმა პრობლემებმა როგორ დახარეს თავი და ბნელ კუთხეს მიაშურეს.
"დაგღალათ ხველამ"? "შემოგიტიეს მიკრობებმა"? "ვერ ამოგყავთ ლაქები თქვენი საყვარელი ჯემპრიდან"?" ოხ ეს გაციება"! "წყაროს წყალზე დამზადებული ლუდი", "გადაფხიკეთ და მოიგეთ"- არ ცხრებოდა "გრუნდიგი". სანდომიანი სახის დეიდები და ბიძიები, ხარისხიანი პროთეზის მქონე ბებიები და ბაბუები,  ოქროსფერთმიანი ბავშვები მოვლილი კბილებით, ახალგაზრდა წყვილები  მზრუნველი ღიმილით და სასიამოვნო ხმით ერთი ხელის მოსმით წყვეტდნენ მთელს ჩემს სადარდებელს და საზრუნავს.
"თმის გადანერგვა უმტკივნეულოდ", "ახალი დეოდორანტი ახლა უკვე მარწყვის ექსტრაქტით", "4მაგად საიმედო პრეზერვატივი" და
"ეკოლოგიურად სუფთა კონდიციონერი"- რატომაც არა? რომელი იქნებოდა ზედმეტი!
მთავარია ჯერ "ნათელი future"-ში ამიყვანონ..
"3კარიანი მაცივარი", "ანტიდეპრესანტები უკუჩვენების გარეშე"...
უკვე წარმოვიდგინე როგორ გავაპრიალებდი "ფეირით" ჩემს ახალ , ჯერ არ არსებულ 6 განყოფილებიან ბეკოს ელ.ქურას და როგორ დავისვენებდი ოქროს ქვიშებზე ენ ტურის შეღავათიანი პაკეტით.
შფოთვა მთლიანად მომეხსნა და არხეინად გადავწექი უზურგო სკამზე. ნათლად ვიგრძენი რომ ჩემს პრობლემებს ცოტა უკლდათ სუიციდამდე და ეს დროც დადგა.
თიბისის გრძელვადიანმა , სუპერ ხელსაყრელმა სესხმა, რომელიც ერთდროულად მანქანის, სახლის და აგარაკის ყიდვის საშუალებას მაძლევდა საბოლოოდ მოუღო ბოლო ჩემს სადარდებლებს.



.მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ხვალ დილას პირველივე "მარშრუტკით"  ვბრუნდები თბილისში  ახალი წარმატებული და უზრუნველ(ყოფილ)ი ცხოვრების დასაწყებად!!!!



3 comments:

Arsen said...

ნათელი futureსკენ!!!)

Anonymous said...

<3

Anonymous said...

გაგრძელება დაიდება? თუ რად უნდა. მშვენიერია