Tuesday, July 23, 2013

ამონარიდები გაბრწყინებული ივერიის ქრონიკიდან [vol.1]

შესავალი და გამოსავალი:

ქვემოთმდებარე უსტარი წარმოადგენს უხეირო და მოკრძალებულ მცდელობას ავტორისა, მეტ-ნაკლები სისავსით და სიზუსტით აღწეროს ღვთივკურთხეული ერის -ივერიის აღზევების და გაბრწყინების შემდგომი პერიოდი. 
დასახული მიზნის სირთულიდან გამომდინარე, ავტორი მკითხველებს გულმხურვალედ თხოვს, ავად და კრიტიკულად არ შეუფასონ ნაშრომი, არამედ ყურად იღონ და გულისხმაჰყონ ის ფაქტი, რომ გაბრწყინებული ივერიის სიდიადის აღწერა  ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს ასობით ათასჯერ აღემატება.
[და მაინც, მიუხედავად ყველა ზემოთჩამოთვლილი სირთულისა, ავტორი ჯიუტად ეცდება, დეტალურად აღწეროს ეს დიდებული პერიოდი, რომელიც ღვთის მადლით და საპატრიარქოს დაუღალავი [35 წლიანი] შრომით ივერიას [დ]აუდგა.]

მაშ ასე, ვახსენოთ პატრიარქი, ქვა უკან გადავაგდოთ და დავიწყოთ:


                                             

                                                   ამონარიდი # 1: ზაფხული 

იმ დროს, როდესაც მე თხრობას, ხოლო თქვენ კითხვას იწყებთ, ივერიაში 2066 წელი დგას, ზაფხულია და გაბრწყინებისგან გამოწვეული ხვატი და ბუღი უხვად ტრიალებს ჰაერში. ღვთივკურთხეული ერის შვილთაგან ზოგიერთნი [უმეტესად რჩეულნი ამა ქვეყნისანჲ] საეკლესიო კურორტებსა და საეპარქიო აგარაკებზე ემალებიან მზეს და სიცხეს , ხოლო ვისაც კურორტზე გასვლის კურთხევა და საშუალება არ აქვს, ნეტარი გერასიმეს ნაბანი წყლით სავსე აუზში იგრილებს ცოდვებისგან დაუმძიმებელ ტანს და ტაძრის ეზოშივე შეექცევა ნაღების და შოკოლადის [შერეულ] ლიმონათს. ირგვლივ  სიმშვიდე და მყუდროება სუფევს, რომელსაც ჟამიდან ჟამამდე მხოლოდ საველე მონაზვნების ხმამაღალი შეძახილი არღვევს : 
-პუუური ჩვენი არსობისაააა, ახალგამომცხვარი ცხეელი პუუური! 
-აბა ფოკის სულგუნი! დედა ელეგიას ხელით მოწველილი რძისგან გაკეთებული სულგუნიიიიი!
-მამა ჯიმშერის ფეხით დაწურული წითელი ღვინო, დარჩა 100 ლიტრიიი!

საველე მონაზვნებს, ჩვეულებრივთაგან განსხვავებით, ხელში სალარო აპარატი და კალკულატორი უჭირავთ, ხოლო სქიმაზე სხვადასხვა ზომის, პროდუქტებით სავსე ზურგჩანთები აქვთ შემოსხმული, რათა პოტენციური  მყიდველები არ შეაბრკოლონ და  სურვილის შემთხვევაში ადგილზევე მიჰყიდონ საჭირო ინგრედიენტები.
თავის მხრივ, მყიდველებს შორის შუახანს ახლახან გადაცილებული დიაცები უფრო ჭარბობენ ვიდრე ახალგაზრდა მხევლები. ეს უკანასკნელნი, ერთად შეჯგუფებულები, ძირითადად ლოცვის ბუტბუტით და ახალგაზრდა ყმაწვილკაცების თვალიერებით იქცევენ თავს. ყმაწვილკაცები კი,  განცალკევებით მდგომნი, კრიალოსანს ათამაშებენ და არწივისებრი მზერით აკვირდებიან  მომავალ სასძლოებს.
თუკი ოდნავ ახლოს ჩაივლით, აუცილებლად გაიგებთ ასეთ დიალოგებს:

# 1-ამ გოგოზე რას იტყვი? [თავით ანიშნებს ერთ-ერთზე]
# 2-კარგიგოგო ჩანს, მთავარია ტაშტის ხმარება ეხერხებოდეს
#!1-ისწავლის [კმაყოფილი ჩაცინება]

[ავტ. შენიშვ.: საბედნიეროდ, თითქმის ყველა ტაძართან ფუნქციონირებს ტაშტის ხმარების შემსწავლელი კურსები, სადაც ახალგაზრდა მხევლებს დაუღალავად უხსნიან, თუ როგორ უნდა დაბანონ ფეხი სახლში ახალდაბრუნებულ მომავალ მეუღლეებს. ]

 ანდა:
# -3- კაი გოგოა, მაგრამ რაღაც ძალიან ფერებში აცვია [თეთრი წინდები უჩანს]
#-4- გახდი კაცო, რომ მოიყვან, წესიერ კაბას ვერ უყიდი?
# 3- ხოო,  ნასწავლი არ იყოს, თორემ დანარჩენს, ყველაფერს ეშველება. *
#-4-რას ამბობ, თფუი ეშმაკს [პირჯვარს იწერს]

* აქვე უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი, რომ ამჟამად,  გაბრწყინებულ ივერიაში ადამიანები გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმანეთს. მამაკაცებს ძირითადად შავი ფერის სადა მაისური და ღია ფერის ჯინსი, ხოლო დედაკაცებს კოჭამდე კაბა და თავსაბურავი მოსავთ.
ფერადი ტანისამოსი, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით,  აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ამოღებულია ხმარებიდან, ხოლო უმაღლესი განათლების ქონა მომავალი სასძლოებისთვის უდიდეს ნაკლად ითვლება [პრინციპში არც მამრებისთვის არის მიზანშეწონილი] . ამის გამო, ივა მართალის  [კუზანოვის] სახელობის კლინიკას ახალი- ტვინის გამორეცხვის პროცედურები დაემატა. პროცესი რვა კვირიანია  და ისეთი ღვთისსათნო და ჰუმანური ინსტრუმენტებით ხორციელდება, როგორიცაა : ჭინჭარი, ტაბურეტკა, ბიბლია და ნაკურთი წყალი. განკურნების და გაჯანსაღების პროცესს  კვალიფიციურად უძღვებიან ამ დარგში დიდი გამოცდილების მქონე სასულიერო პირები, მამა სკამაო მეორეს ხელმძღვანელობით. [რომელსაც თავის მხრივ მასტერ-კლასები აქვს გავლილი ლეგენდარულ, აწ უკვე წმინდანად შერაცხულ სკამაო პირველთან]. როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ტვინის გამორეცხვის პროცედურები სრულიად უფასოა და სამკურნალოდ მხოლოდ მოძღვრის მიმართვაა საჭირო.

მომიტევეთ ლირიულ-ინფორმატიული გადახვევისთვის და ისევ ტაძრის ეზოში დავბრუნდეთ, სადაც ეს-ესაა ახლადშეუღლებულმა, ბედნიერმა წყვილმა შემოაბიჯა და სახაჭაპურისკენ გადაუხვია.
-სანამ მამა ემზართან მივალთ, წესიერად მოვილაპარაკოთ ყველაფერი-კაცმა სითბონარევი სიმკაცრით გადახედა ცოლს და სიგარეტს მოუკიდა.
-როგორც შენ იტყვი, ძვირფასო, შენ უკეთ იცი-უპასუხა ქალმა და ოდნავ წამოწია თავი.
სახაჭაპურეში შესვლისას, წყვილმა პირჯვარი გადაიწერა და ვიდრე შეკვეთას მოიტანდნენ ჭამის წინა ლოცვები ხმამაღლა წაიკითხა.
-საბუთები, ყველაფერი წამოიღე??-იკითხა კაცმა, სამარხვო "ტიტანიკს” წინა ფრთა ჩამოაცალა და ერთიანად ჩაიდო პირში.
-ივერიელობის მოწმობები-ჩემი, შენი, აგერაა-ქალმა ჩანთა გახსნა და დოკუმენტების მაგიდაზე ამოლაგება დაიწყო. -აი ჩემი ქალიშვილობის მოწმობა, ესეც ჯვრისწერის საბუთი, რამე დამრჩა?
-მოტევებული ცოდვების სია და ჩეკები???
-ვაიმე მგონი დამრჩა, მამა ემზარს არ ექნება?
-რომ არ ქონდეს?? რა ემახსოვრება, არადა ბოლოს რამდენი გადავიხადეთ.
-კარგი, უფალი მოწყალეა, გადმოგვხედავს, რამე იქნება-ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა
-ღმერთმა ქნას-თქვა კაცმა, დარჩენილი ტიტანიკი პირში ჩაიდო და პირჯვარი გადაიწერა.






[გაგრძელების პერსპექტივით, უახლოეს მომავალში]






                                                                                        

2 comments:

Anonymous said...

აი, მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივალთ! (პერსპექტივა კი ჩანს, მაგრამ იმედია, სადმე აგვიცდება ფეხი და გადავუხვევთ შეცდომილი ბილიკისკენ).

ივერიელი said...

ეჰ.. ჩვენ უნდა გავაბრწყინოთ ივერია თორე თავისით ხო არ გაბრწყინდება. მე დიდი იმედი მაქვს ამ და წინა თუ არა მომავალი თაობის მაინც.