მე და ევა 5 თვის წინ, პირველ ოქტომბერს დავმეგობრდით თეგელში. მე დაბნეული ვიდექი ჩემს ჩემოდნებთან ერთად და იდიოტივით პირდაღებული ვათვალიერებდი აეროპორტს. იმის იმედი, რომ ვინმეს ჩემი სახელი ეწერებოდა ფურცელზე მალევე გადამეწურა. ბოლოს, 40 წუთიანი ლოდინის შემდეგ ვიღაც (როგორც მერე გაირკვა ჩემი ევა) საქმიანი ნაბიჯებით მომიახლოვდა და სახელი მკითხა. ნინოს გაგონებაზე გაიბადრა და ხელი გამომიწოდა, მე ევა ვარ, შენი მომავალი გასთმუთერიო მომახსენა. მერე თვალის დახამხამებაში გაიტანა ჩემი ჩემოდნები გარეთ და თავის "მაცივარ" მანქანაში ჩადო. And since October, we are friends after both attending Airport Tegel.
მერე რა რომ ევა ჩემზე 3 ჯერ დიდია, სამაგიეროდ ჩვენ 150 დღე ვიცხოვრეთ ერთად და გავუძელით ერთმანეთს!
პრინციპში, ასაკის გარდა კიდევ ბევრი განმასხვავებელი ნიშანი გვაქვს მე და ევას, მაგრამ რაც გვაერთიანებს ეს არის შეხედულება ერთმანეთზე. ორივე ვთვლიდით რომ ჩვენს შორის ერთ-ერთი არანორმალური იყო. ჩემი აზრით ეს "მეორე" რათქმაუნდა ევა გახლდათ, ევა კი დარწმუნებული იყო რომ სრულიად ბერლინის და მისი შემოგარენის მასშტაბით ჩემზე დარტყმულს ვერავის იპოვნიდა.
მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ტრაგიკულად იყო- ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა დემოკრატიის მაღალი დონე სახლში და დიდი ჰოლი ოთახებს შორის. კიდევ თეთრი კარი, რომელიც საჭირო დროს საიმედოდ იკეტებოდა.
ხანდახან მე მაგიჟებდა მისი პრაგმატულობა და პრაქტიკულობა, ევას კი დღემდე არ ჯერა, რომ ამქვეყნად ჩემნაირი დაუფიქრებელი და არაპრაგმატული ადამიანებიც არსებობენ. ჩვენი დიალოგი ამ თემაზე ყოველთვის ევას მრავლისმეტყველი ფრუტუნით და ჩემი მხრების აჩეჩვით მთავრდებოდა: "როგორც გინდა, ეს რათქმაუნდა შენი საქმეა, მაგრამ რატომ უნდა გადაიხადო სენდვიჩში 2,5 ევრო როცა მაგ ფასად სახლში 4 ცალს გააკეთებ?"- გიჟდებოდა ევა. ვგიჟდებოდი მეც და მზად ვიყავი შიმშილობა გამომეცხადებინა, ოღონდ ჩემი ევა კალკულატორის რეჟიმიდან ადამიანურს დაბრუნებოდა.
თუმცა ყველაფერი არც ასე ცუდად იყო, ყველაფრის მიუხედავად მე და ევას ბევრი საერთოც გვაქვს,მაგალითად ორივეს გვიყვარს როლინგ სთოუნზი და ვერ ვიტანთ ბითლზს.
"მაგათ გაანადგურეს როკენროლი" მეუბნებოდა ევა სინანულით და she loves me -ს მისამღერს სპეციალურად ხაზგასმით საძაგლად ღიღინებდა. მერე იმანჭებოდა და სიცილით კვდებოდა. "სანამ ეგენი გამოჩნდებოდნენ როკენროლი ფილოსოფია იყო, ცხოვრების სტილი, მაგათ კი გააუბრალოვეს ყველაფერი და მარტივ მელოდიამდე დაიყვანეს. ან მაგათ სიმღერებზე როგორ უნდა იცეკვო? როკენროლი მოძრაობაა, შეთანხმება წყვილს შორის, ბითლზების სიმღერებზე კი ყველა თავისთვის ცეკვავდა რომანტიული სახით".
მე მჯერა ევასი, იმიტომ რომ ის ზუსტად იმდენი წლისაა რამდენისაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ელვის პრესლის კონცერტს მოესწრო თუ არა, არ ვიცი მაგრამ როლინგ სთოუნზის ლაივზე რომ ნამყოფია სიამაყით გამიმხილა.თუ ევას დავუჯერებთ ჯაგერი კარიერის დასაწყისშიც დიდი ნაბიჭვარი ყოფილა, მთელი ბერლინი შეუკრიბავს კონცერტზე და 4 სიმღერის მერე სცენიდან დამრტყდარა.
ვფიქრობ და მიხარია, რამდენჯერაც გამახსენდება-ვხვდები რომ მთელი 5 თვე ცოცხალ ანტიკვართან ერთად ვცხოვრობდი ერთ სახლში. ევა მოესწრო გერმანიის განულებას, დრეზდენის აშენებას, გერმანიის დაყოფას სექტორებად, კედლის დადგმა-აღებას, კომუნიზმს აღმოსავლეთში და კაპიტალიზმს დასავლეთში, დოიჩე მარკს, ევროს და საბჭოურ გლასნოსტს. გორბაჩოვიც ახსოვს და "ის სიმპატიური კაციც, კედლის დანგრევაზე რომ მოაწერა ხელი"- ანუ ჩვენი ედუარდი.
ევა ყოველთვის დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა და დღემდე ეცინება აღმოსავლეთ ბერლინელების ლექსიკონზე. "შოპინგ ცენტრი საიდან ეცოდინებათ, ეგენი მთელი ცხოვრება Kaufhalle-ს( ჩვენებურად უნივერმაღს) ეძახდნენ მაგას". თვითონ გადასარევი ბერლინური აქცენტით ლაპარაკობს და ხანდახან ისე ყლაპავდა ბგერებს რომ მეშინოდა ემანდ და არ გადაცდეს-მეთქი. თუმცა ბოლოს კიდევ არაუშავდა, აი ოქტომბერი კი ნამდვილად კრიტიკული თვე იყო. ჩემი ქართული გერმანული და ევას ბერლინური აქცენტი ისე განსხავავდებოდნენ ერთმანეთისგან როგორც ბავარიული და შლეზვიგ-ჰოლშტაინური. ამ ხარვეზის გამო ევას 3 ჯერ უწევდა ერთიდაიგივე ფრაზის გამეორება, მაგრამ მისდა საამაყოდ უნდა აღინიშნოს რომ არასდროს დაზარებია.
თავიდან მიკვირდა როგორ არ ეზარება ნეტა-ვ თქო, მაგრამ მერე მივხვდი რომ ევას ლაპარაკი ძალიან უყვარს, დაჟე ერთიდაიგივე წინადადებებისაც კი.
ახლა მე თბილისში ვარ, ევა ისევ ბერლინშია, დილას ისევ 7 ზე იღვიძებს, ისევ დაუზარებლად ახარისხებს ნაგავს და დარწმუნებული ვარ ისევ დაუზარებლად წყევლის არაბ მეზობელს, რომელიც მწვანე შუშის ბოთლს არადანიშნულებისამებრ, პლასტმასისთვის განკუთვნილ ურნაში აგდებს.
წამოსვლის წინა კვირას ევამ მოიწყინა, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს, მოიწერეო მითხრა და ისიც დაამატა, თუ კიდევ მოხვდი აქეთ - იცოდე რომ შენთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება, at least ეზოში მაინც დაგიდგამ კარავსო.
თავისებური იუმორის გრძნობა აქვს ევას. აეროპორტის გზაზე თავისი მანქანით გამომაცილა, თან გზად ყველა შემხვედრ მანქანას აგინებდა და ბებერ ძროხებს ეძახდა მძღოლებს. მერე თვითნ ეცინებოდა კმაყოფილი აქნევდა თავს. გინებას რომ მორჩა ეირ ბალტიკის საიმედოობით დაინტერესდა. ჩემს პასუხზე რომ ჯერ არავინ ჩამოვარდნილა- დიდხანს არ უფიქრია ისე მიპასუხა -შენ არ ინერვიულო, ზემოთ არცერთ ვარიანტში არ დარჩებიო. ორივეს გაგვეცინა, ნეტა მე რა მაცინებდა?
გამოფრენამდე 10 წუთით ადრე დამემშვიდობა და გამომიცხადა- ჩვენ უკვე უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთისო. არადა თავიდან სანამ მივხვდებოდი რას გულისხმობდი მკითხაობა მჭირდებოდაო. რაც დაგეგმილი გაქვს ყველაფერი შეასრულე step by stepო, შენნაირი ქაოტური ადამიანი არასდროს შემხვედრია, მაგრამ მაინც კარგად გამახსენდება ჩვენი ნახევარწლიანი თანაცხოვრებაო. მერე ჩამეხუტა და წავიდა.
ევას ჯერა რომ მე ცოტათი უფრო დისციპლინირებული, დასერიოზულებული, პრაგმატული და საკუთარ მიზნებში გარკვეული დავბრუნდი თბილისში. კიდევ, დარწმუნებულია რომ მხეცური cheesecake-ს გაკეთება მასწავლა.
მე ჩემის მხრივ მჯერა რომ ევა აუცილებლად ჩავა კოპენჰაგენამდე თავისი წითელი ველოსიპედით, შესვენების გარეშე.
მართლა აპირებს, ჰო,
და მართლა ჩავა 10 ყუთ სნიკერსზე დაგენიძლავებით, ვისაც გინდათ!
5 comments:
aiii amaze shedevri bozi viyo araferi dagicerams gitkvams da giknams! vitire vicine ravici ra ai ra unda vtkva ra bgerebei gamovce rom chemia gfrtovaneba gamovxato da patetikuri yle ar gavichito!
da es futuramas nasha xo saertod :D
გული დამწყდა რომ ჩამოსულხარ. რატომღაც მგონია, რომ იქედან უფრო საინტერესო რამეებს დაწერდი :)))
(ისე რა ნამუსით ვამბობ, რამდენი ხანია არც შემომიხედავს აქ :| )
მეც მგონია რომ აქ გავამრაზმებ :დ და იქიდან უფრო საინტერესო იქნებოდა, ნამდვილად.
პ.ს. მოვუკელი წერას, გადამიარა ბლოგისტერიამ ))
"...რომ ევას ლაპარაკი ძალიან უყვარს, დაჟე ერთიდაიგივე წინადადებებისაც კი":))))
Post a Comment