რა შეიძლება ჟღერდეს უფრო საინტერესოდ ვიდრე ცივი, ნაცრისფერი ზამთრის ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული შაფათ-კვირის გატარება ციხე სიმაგრეში? თან არც მეტი არც ნაკლები-გერმანულ ციხე სიმაგრეში, რაც თავისთავად ყველა სახის კომფორტს მოიცავს. აქ ყველაფერი გაზომილია- ზუსტად იციან რამდენი გრადუსი უნდა იყოს შენს ოთახში ტემპერატურა რომ ბედნიერად იგრძნო თავი და რა ხმაზე უნდა ჩაირეცხოს უნიტაზი, რომ დისკომფორტი არ შეგიქმნას (და არ იფიქრო რომ რიგითი ცხოველი ხარ.) მოკლედ- უკეთესს უბრალოდ ვერ ინატრებ.
დილის 11 საათია, ბერლინის მთავარ სადგურზე ვდგავარ ჩემოდანთან ერთად და ველოდები როდის მოვლენ ჩემი თანამგზავრები. სტიპენდიანტების დიდი შეკრებაა- ბერლინიდან , ჰამბურგიდან და მიუნენიდან სემინარისთვის ვიკრიბებით. სტიპენდიანტების გარდა სოციალურად ანგაჟირებული ( ან თუ გნებავთ- აღგზნებული) ახალგაზრდები, ორი პროფესორი და ორგანიზატორებიც მოდიან.( საბდნიეროდ სხვა მატარებლით. ) ერთმანეთს მაგდებურგში უნდა შევხვდეთ, შემდეგ კი სხვა მატარებლით ციხესიმაგრე ვენდერგრებენში გავემგზავრებით. მაგდებურგამდე ჩემი თანამგზავრები კიდევ ერთი ბერლინელი სტიპენდიანტი -ოქსანა და სოციალურად ფრიად აღგზნებული ყაზახი იაროსლავა არიან.
უკვე მატარებელში ვზივართ. რეგიონალური ხაზია და რათქმაუნდა ნელ-ნელა მიდის. გარშემო მხოლოდ დათოვლილი, გაცრეცილ- გადატკეპნილი ნაცრისფერი სტეპები და ქარხნები ჩანს. ვხვდები რომ თუ ფანჯარაში ყურებას არ შევწყვეტ და აიპოდში ბლონდ რედჰედის ნაცვლად რამე უფრო მხიარულს არ ჩავრთავ აუცილებლად მივისუიციდებ თავს ვაგონის პირველსავე ზედა შესანახ თაროზე.
მაგდებურგამდე მინიმუმ 2 საათია დარჩენილი-ვცდილობ რამე კონკრეტულზე ვკონცენტრირდე და სულ ცოტა დადებითი ემოცია მაინც გამოვიწვიო ან გამოვიძახო თეფშზე დატრიალებით, მაგრამ ზუსტად ამ დროს იაროსლავა ფეხზე ფეხს მირტყამს და რაღაც უაზრობას მეკითხება. უკვე ყურები მტკივა რუსულ-გერმანული აქცენტის მოსმენით. იაროსლავას ვუყურებ, ხმას არ ვიღებ და გიჟივით მეღიმება. თვალწინ მიდგას, როგორ გავხსნი ნოუთბუქს როგორც კი დრო მექნება და როგორ ავკრიფავ ამ წინადადებას მასზე. ვცდილობ სერიოზული სახე დავიბრუნო. იაროსლავა დაბნეული მიყურებს და კითხვას მიმეორებს. ვხვდები რომ არანორმალური ვგონივარ და მიხარია, იმიტომ რომ ახლა საერთოდ არ მაქვს ზრდილობიანი ბლაბლაინგის თავი.
ვზივარ და ვფიქრობ- რა უხარია ამ ხალხს, რატომ არიან აჟიტირებულები- და რატომ არ მიხარია მე. მართლა მაინტერესებს და ვცდილობ კონცენტრირებულად ვიფიქრო მთელი ჩემი ფსიქოლოგიური ცოდნის მოშველიებით. ბოლოს ვასკვნი რომ უნიკალური უნარის პატრონი ვარ-ყველას კი არ შეუძლია ყველაფერში ცუდის დანახვა. მოკლედ, ფაქტიურად კოსმოსში ვარ უსკაფანდროდ, მაგრამ ოკსანას ხმა რეალობაში მაბრუნებს.
„როგორ ფიქრობთ, აქ რომ გავთხოვდე ეგრევე მომცემენ აქაურ მოქალაქეობას თუ 2 წელი უნდა ველოდო?“
მინდა ვუპასუხო რომ იდიოტია, ნამდვილი დურა. რომ მისნაირებს მოქალაქეობა კი არა დიდი დეპორტი უნდა ჩაურტყან. არა , ვუპასუხო კი არა, მინდა ვუღრიალო. მართლა არ ვიცი რატომ.
ერთი, ორი, სამი.. ღრმად ჩავისუნთქოთ.
„არამგონია გაგაწვალონ, წესით მაშინვე უნდა მოგცენ“
ვპასუხობ და მაკდონალდსის თანამშრომელივით ვუღიმი. აი ისე- კიდევ მობრძანდით-ს რომ გეუბნებიან და იმწამსვე რომ მზად არიან შენს HAPPY meal -ში ჩასაფურთხებლად.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო გენიალური კითხვა იქნება და შემეშვება, მაგრამ ოკსანა ფრიად აქტიურ განწყობაზეა და ლაპარაკი უნდა.
„მაგის გარდა კიდევ რა გზა არსებობს ნეტავ, სტიპენდია არამგონია კიდევ ერთხელ ავიღო, უკან დაბრუნება საშინლად არ მინდა. აქ ბევრი მეგობრები მყავს, ვერთობი . მინსკში ცუდია.“
„უნდა ცადო, კიდევ გაგზავნე“- ვეუბნები და უცებ ვხედავ მინსკში დაბრუნებულ ოკსანას. თვალწინ მიდგება მაგდებურგის გზაზე უფრო გაცრეცილი, უბედური, გაყინული ქალაქი, იქვე, ბექგრაუნდად ჩანს მუტრუკი ბელარუსი ლოთი future ქმარი. შემდეგი სცენა -დიპლომიანი, წინსაფრიანი ოკსანაა რომელიც ხელების თანაბარი, ღონიერი მოსმით ბლინჩიკებს აცხობს და საბოლოოდ მეშხამება განწყობა. მზად ვარ საზეიმოდ გადავხიო ჩემი პასპორტი, თუკი ეს რამეს უშველის.
რას მერჩის ნეტა?
დისკუსიას იაროსლავა აგრძელებს და თავის წარმატებულ ცხოვრებაზე უყვება ოკსანას. ამას კიდევ გაგიჟება უნდა? ვფიქრობ ჩემთვის და თან წაღებულ წიგნს ვიღებ რუგზაკიდან. ნაცნობ გვერდზე ვშლი და ვრწმუნდები რომ სერიოზული მიდრეკილება მაქვს პერვერსიისკენ. ხანდახან შემიძლია დღეში 200 ჯერ წავიკითხო ერთიდაიგივე მონაკვეთი.
კარგია? მეკითხება იაროსლავა და თვალით წიგნზე მანიშნებს. ვხვდები რომ დღეს აღარ შემეშვება და საბოლოოდ ვდგები თავით ფანჯრის განგრევის ხასიათზე. ხომ არის დღეები-როცა არ უნდა მოგეკარონ. კი, ნამდვილად არის ასეთი დღეები.
და ასეთ დღეს მაინცდამაინც ამ ორ არანორმალურთან ერთად ვზივარ მატარებელში.
No comments:
Post a Comment