Friday, October 7, 2011

iპანაშვიდი და სარკოზობა

 (ანუ  ეროვნული ემპათიურობის და სტუმართმოყვარეობის თავისებურებები )


ბოროტი ენები ამბობენ დედაქალაქში ჯერ კიდევ დაძრწის საბჭოთა აჩრდილის სულიო,  თუმცა- რაღა დაძრწის, ნელი ნაბიჯებით დასეირნობს ცენტრალურ ქუჩებზე და ხანდახან პარკშიც ჩამოჯდება ხოლმე შესასვენებლადო.
 
ბოროტი ენები ქირქილით იმასაც ამატებენ, რომ ამ აჩრდილს მხოლოდ 33 მანეთად მოსკოვში გადამფრენი ნატაშას რისხვა ღიპუცები და 3 მანეთად ყველის, ზეთის, შაქრის და ხორცის მარაგის მყიდველი დიასახლისები კი  არ მისტირიან არამედ იგი ბევრს და  კოლექტიურად ენატრებაო.   ერსაც, ბერსაც, მთავრობასაც და მოსახლეობის დიდ ნაწილსაც და ამ ნოსტალგიას თავისებურად, მაგრამ ერთად და კოლექტიურად  გამოხატავენ-.
არ ვიცი, არ ვიცი
მე მხოლოდ 2 ამბავი ვიცი, რომლებიც ბოლო 2 დღეში გავიგე:



ამბავი  # 1:   iგლოვისა და iჭირისუფლების შესახებ.

5
ოქტომბერს მსოფლიო შეძრა ბოლო დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანის გარდაცვალების ამბავმა.მე შემძრა ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ- მისტერ ჯობსი გაცივებული არ იყო რომ მისმა გარდაცვალების ამბავმა რამდენიმე წამში სი ენ ენის ნიუსებიდან ჩემი ფეისბუქ ფრენდების სტატუსებში გადმოინაცვლა. ძირითადად ჭარბობდა ობამას ციტატები ჯობსის შესახებ [დაშეარდა დაახლოებით 29ჯერ ] მეორე ადგილზე გავიდა apple.com-ის ოფიციალურ საიტზე დადებული სამძიმრის ტექსტი [20მდე დაშეარება], აგრეთვე ჯობსის მიერ სხვადასხვა დროს მოყვანილი ციტატები [15 ჯერ] და ბოლოს, ყველაზე მცირე მაგრამ ხარისხიანი-ერთგული ფანების გამოსათხოვარი სიტყვები, წიპა: "მზე უშენოდ აღარ ამოვა სტივ. მეტი ვინღა დაიბადება ამ ქვეყნად შენზე დიდი"
ამასობაში, ვირტუალური სამძიმრების ფონზე, ასპარეზზე გამოიჭრა IPhone+ (Apple Store Tbilisi) რომელმაც დამწუხრებულ საზოგადოებას კოლექტიური პანაშვიდი შესთავაზა, სანთლებით, ყვავილებით და iპად iპოდებით ხელში < 3

გარდა საკუთარი კომპანიის გაპიარებისა, apple-ს თბილისის (არაოფიციალურმა) წარმომადგენლობამ დამწუხრებულ სტივის ფანებზე და პოსტ საბჭოთა საქართველოს მენტალურ მდგომარეობაზეც იზრუნა და სანთლებით ხელში შეჰყარა სრულიად თბილისის სამაკეთი.

სამწუხაროდ, უფრო დაწვრილებითი დეტალები iპანაშვიდის შესხაებ არ მომეპოვება, არადა საინტერესოა- iშილა ჩამოატარეს თუ არა, ან iდეპეშა თუ აფრინეს ლოს ანჯელესში. ბოლოს და ბოლოს იპოდ-იპადები ნაკურთხი თუ იყო [მიუვა განსვენებულს] ან გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმა ვინ ითავა.


ამბავი # 2 სარკოზობის და სტუმართმოყვარეობის შესახებ:


გუშინწინ უნივერსიტეტში მისულს გენიალური ამბავი დამხვდა- პარასკევს ვისვენებთო. სიმართლე რომ ვთქვა იმ მომენტში დიდად არ დავინტერესებულვარ დასვენების მიზეზების გარკვევით, ჩავთვალე რომ ისევ რომელიღაც წმინდანის თავის მოკვეთის ან ფეხის ამპუტაციის დღე იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად!!

თურმე არც მეტი, არც ნაკლები, თვით საფრანგეთის პრეზიდენტი, ჩვენი აღშფოთებულ-შეშფოთებული ფრანგი მშველელი -ნიკოლა სარკოზი ჩამოდის! ამისთვის რასაკვირველია წინდაწინვე და განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ქალაქი. ნუ, ბუშისსადარ დახვედრას თუ ვერ მოვაწყობთ, არც ნაკლები უნდა იყოს. მერე რა, რომ ჩვენი პრეზიდენტის ჩასვლას სხვა ქვეყნებში საერთოდ არ იმჩნევენ (ნი ტო შტო მოქალაქეები, ზოგჯერ დიპლომატებიც კი :ე) სამაგიეროდ ჩვენთან მისიე სარკოზის რამდენიმე წუთიანი სპიჩის გამო (რომელშიც ისევ აღშფოთება-შეშფოთების აღმნიშვნელ ფრანგულ ბეგერებს გავიგებთ მხოლოდ) გრანდიოზული სცენა უნდა მომზადდეს, ქუჩები უნდა გადაიკეტოს, საფრანგეთის დროშები უნდა ავაფრიალოთ და ეს ყველაფერი 10 ვე (თუ რამდენიც არის) ადგილობრივმა სამაუწყებლო ტელეკომპანიამ  უნდა გადასცეს ლაივში <3



ბოროტი ენები ამბობენ, ასეთი დახვედრების დიდი ტრადიცია და სტაჟი აქვს თბილისსო. იმასაც ამბობენ-ასე ხვდებოდნენ სტალინიდან მოყოლებული ბრეჟნევის გავლით გორბაჩოვამდე ყველასო. ბუშსაც ასე დახვდნენო. მერე რა, რომ იმ დროს მთელი შეგნებული მსოფლიო სახეში შესაფურთხებლად დასდევდა ჯორჯ დაბლიუსო.
სხვანაირი ხალხი ვართ ქართველები, სტუმართმოყვარეები!


პ.ს. ჩემის მხრივ, იმედს ვიტოვებ რომ სარკოზობის ბრწყინვალე დღესასწაული ერთჯერად დასვენების დღედ არ დარჩება და მომავალ წელსაც აღვნიშნავთ მისი ჩამოსვლის ერთი წლის თავს.




No comments: