Monday, July 18, 2011

8 წუთი, 23 წამი

                                                                     ***

     დაბალი, მსუქანი, მელოტი და საშუალოდ ღიპიანი ვარ. სამსახურიდან 3 წლის წინ დამითხოვეს და მას შემდეგ უშედეგოდ ვეძებ. ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება მქონდა და ექიმმა ბახმაროს სანატორიუმი მირჩია. თან მცირეოდენი შფოთვაც მაწუხებს და წამლების ყლაპვას ბუნებაში ყოფნა ჯობსო დააკსვნა.
     წამოსასვლელი ფული მეზობლებმა და ნათესავებმა შემიგროვეს. დიდი ვერაფერი კურორტია ეს ბახმარო, კაცმა რომ თქვას. აქაურობა ისეა გაჩანაგებული, გეგონება ეს ეს არის თემურ ლენგმა შემოირბინა საქმეზეო. სანატორიუმიც არ უქნია ღმერთს მაინცდამაინც. ოთხ ოთახიან კოტეჯში მე და ჩემზე უარესი,  6 თითქმის მომაკვდავი პაციენტი "ვისვენებთ". მთელი ღამე ხველა და ხველას მოყოლილი სინქრონული წყევლა კრუვლა მესმის. სამკურნალოდ ჩამოსულს ინსომნიაც დამემართა. ღამეც და დღეც ერთნაირად ნელა გადის. საქმე ბევრი არაფერი მაქვს. ხან კოტეჯებს შორის ვეძებ არ არსებულ სოკოებს, ხანაც ჩემს მომაკვდავ მეზობელს ვეთამაშები ნარდს არ დახველებაზე. უკიდეგანოდ მომაბეზრებელია ეს ყველაფერი. შუალედებს ტურბაზის სასადილოთი და ტყუილი სუპით ვივსებ. მაინც ვერ გავიგე რა უბედურებაა ეს ტყუილი სუპი, ან ვის ატყუებენ. მენიუში მაინც წაეშალათ "ტყუილი".